Sunday, July 17, 2016

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღეს უკვე შეიმჩნეოდა, რომ ტრენინგი დასასრულისკენ მიდიოდა. ჩვენს მიერ შექმნილი საქაღალდეები ავტვირთეთ და განვათავსეთ ბლოგზე შექმნილ ახალ გვერდზე. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება და ბმულების მიბმა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ხშირად გამოვიყენებ, თორემ ამის გარდა კიდევ ბევრი რამ ვისწავლეთ. საერთოდ, ძალიან ინფორმაციული ტრენინგი იყო.

Saturday, July 16, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს საინტერესო დღე  გვქონდა. ვიმუშავეთ პროექტის ფარგლებში გაკეთებულ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, ანუ პრეზენტაციაზე და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე. მოვახდინეთ ინტელის მიერ შემოთავაზებული შეფასების სქემის ადაპტირება.  საპრეზენტაციო პროგრამას და შეფასების სქემას ყოველთვის გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას, ამიტომ, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.

Friday, July 15, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

კიდევ ერთხელ გადავხედეთ ტრენინგის ფარგლებში შესასრულებელ სავალდებულო დავალებებს. გავეცანით საავტორო უფლებებს, რომელიც პროექტის ფარგლებში უნდა დავიცვათ, ინტერნეტსივრცეში განთავსებული მასალის გამოყენებისას და საავტორო უფლებების დაცვით შევინახეთ ჩვენთვის საინტერესო მასალები საქაღალდეში. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა. ტრენინგის მეექვსე დღე შრომატევადი და ცოტა დამღლელი იყო!

Sunday, July 10, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს მოვისმინეთ შერჩეული პროექტების  შესახებ მოფიქრებული საკვანძო კითხვები და გავეცანით პროექტის მსვლელობისას გამოსაყენებელ  შეფასების  სტრატეგიებს. ჩვენი საშინაო დავალებაც სწორედ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება იქნება სასწავლო პროექტის გეგმაში.

Saturday, July 9, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

 განვსაზღვრეთ პროექტის მისაღწევი მიზანი და დავგეგმეთ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობები. გავეცანით  კოლეგების დასახულ მიზნებსა და აქტივობებს და მივეცით შესაბამისი უკუკავშირი მათ მიერ დაგეგმილი სამუშაოს ირგვლივ. ყოველთვის გადავხედავ კოლეგა-მეგობრების ბლოგებს, რათა მოკრძალებულად შევთავაზო ჩემი ნააზრევი, პროექტის უკეთ განხორციელების მიზნით. ვისწავლეთ პროექტზე მუშაობისას, თუ რა სახის კითხვები უნდა შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს, რათა მათ დაინახონ პროექტზე მუშაობის საჭიროება და გაუჩნდეთ პროექტზე მუშაობის ინტერესი და სურვილი. გავეცანით კითხვების მაგალითებს და შეფასების რუბრიკას, რომელიც გაგვიადვილებს საშინაო დავალებად მოცემული ზოგადი,  თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების მოფიქრებას. ვფიქრობ, მუშაობის მეოთხე დღე ნაყოფიერი იყო!

კითხვები



                მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:  რა არის კულტურა?







თემატური კითხვები:  როგორ გესმით, ქართული კულტურა?
                                        რატომ იქმნებოდა ქართული კულტურის ძეგლები საქართველოს ფარგლებს გარეთ?
                                    რატომ ცდილობდნენ  მიზანმიმართულად ბერძნები საუკუნეების განმავლობაში  მათ მიწაზე არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებში  ქართველთა კვალის წაშლას?





შინაარსობრივი კითხვები: რომელი საგანმანათლებლო ცენტრები არსებობდა საქართველოში 11-12 საუკუნეებში?

 რომელი ქართული კულტურის ცენტრები ვიცით  საქართველოს ფარგლებს გარეთ?
  როგორი უფლებრივი მდგომარეობა აქვთ ქართველებს დღეს უძველეს ქართულ სავანეებზე?
სად მდებარეობს შოთა რუსთველის  ფრესკა?

Friday, July 8, 2016

მესამე დღის რეფლექსია

პროექტებით სწავლების მესამე დღეს გავეცანით, პროექტზე მუშაობისას,  მისი დაინტერესებული მხარეებისათვის წარდგენის სხვადასხვა საშუალებას. ვისწავლეთ ბუკლეტების მომზადების " საიდუმლო" და წინასწარ მომზადებული ბუკლეტის შაბლონების გამოყენება.გავეცანით, თუ რა სახის ინფორმაციას ვათავსებთ ბუკლეტზე, მისი მომზადებისას.  მე ეს აუცილებლად გამომადგება სამომავლოდ, პროექტებზე მუშაობისას. ასევე, ვისწავლეთ,პროექტზე მუშაობის დაგეგმვისას, თუ რა სასწავლო მიზნები უნდა დავისახოთ  და როგორ უნდა განვსაზღვროთ მოსალოდნელი შედეგები და საჭირო ინდიკატორები.ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იფორმაციაა ჩვენთვის!

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული კერების შესახებ. შეისწავლიან  ქართული ცენტრების ისტორიასა და იმ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, რასაც იქ მოღვაწე პირები ეწეოდნენ. გააანალიზებენ და გაიაზრებენ ამ ცენტრების დანიშნულებასა და როლს ქართული კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში. მოამზადებენ საკონფერენციო თემებს საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის. მოამზადებენ ფოტოკოლაჟს და პრეზენტაციას საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის, ქართული სავანეების შესახებ.

Thursday, July 7, 2016

რატომ ვასწავლოთ პროექტებით?!

 პროექტებით სწავლება სწავლისა და სწავლების ერთ-ერთი თანამედოვე მეთოდია.  მას მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი და თანდათან, საგანმანათლებლო სივრცეში მისმა  გამოყენებამ  აქტიური სახე მიიღო.  ეს მეთოდი აქტუალობას არც დღეს კარგავს და სამომავლოდაც კარგი პერსპექტივა უჩანს.
პროექტი მასწავლებლისა და მოსწავლეთა საქმიანობის ერთობლიობაა. იგი საშუალებას გვაძლევს გავცდეთ ერთი გაკვეთილის ფარგლებს და მის გარეთ, თანამედროვე, ყოფით რეალობაში დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო საქმიანობა, თანაც ისე, რომ სწორედ მოსწავლე იყოს მთავარი ძალა ამ საქმიანობისას. მან აკეთოს,  გამოიკვლიოს, მოიპოვოს, დაგეგმოს, დაახარისხოს, დააკავშიროს, შეადაროს გამოიტანოს დასკვნები, შეაფასოს.... ანუ აკეთოს! კეთებით სწავლება კი სწავლების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ფორმად მიიჩნევა, რადგან იგი აძლიერებს მოსწავლეთა სააზროვნო უნარ-ჩვევებს.
ამგვარი მეთოდით მუშაობა მოსწავლეთა  მრავალმხრივი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად,  ავითარებს შემოქმედებით და კვლევით უნარებს, და არა მხოლოდ მათ. ვინაიდან პროექტზე მუშაობა მასწავლებელთან, მოსწავლეებთან და საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან კომუნიკაციის აუცილებლობას მოითხოვს, იგი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობის უნარებსაც ავითარებს. რადგან პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მოიპოვებენ, იკვლევენ, ახარისხებენ და არჩევენ მათთვის საჭირო ინფორმაციას, იგი ინფორმაციის მოპოვების, წყაროებზე მუშაობის, ინფორმაციის გადარჩევის ანუ სორტირების უნარ- ჩვევასაც ავითარებს და ვინაიდან, უკვე შესრულებულ ნამუშევარს წარდგენა სჭირდება, მასზე მუშაობის დასკვნითი ეტაპი პრეზენტაციის, შედეგების წარმოჩენის უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.
ასე რომ,პროექტებით სწავლება ის მეთოდია, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციასა და სწავლის სურვილს გაუღვიძებს და ხალისით ჩართავს სასწავლო პროცესში და ამავდროულად მოსწავლეთა  იმ მნიშვნელოვანი უნარების კომპლექსურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რომელსაც თანამედროვე, ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქე უნდა ფლობდეს.