Thursday, July 7, 2016

რატომ ვასწავლოთ პროექტებით?!

 პროექტებით სწავლება სწავლისა და სწავლების ერთ-ერთი თანამედოვე მეთოდია.  მას მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი და თანდათან, საგანმანათლებლო სივრცეში მისმა  გამოყენებამ  აქტიური სახე მიიღო.  ეს მეთოდი აქტუალობას არც დღეს კარგავს და სამომავლოდაც კარგი პერსპექტივა უჩანს.
პროექტი მასწავლებლისა და მოსწავლეთა საქმიანობის ერთობლიობაა. იგი საშუალებას გვაძლევს გავცდეთ ერთი გაკვეთილის ფარგლებს და მის გარეთ, თანამედროვე, ყოფით რეალობაში დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო საქმიანობა, თანაც ისე, რომ სწორედ მოსწავლე იყოს მთავარი ძალა ამ საქმიანობისას. მან აკეთოს,  გამოიკვლიოს, მოიპოვოს, დაგეგმოს, დაახარისხოს, დააკავშიროს, შეადაროს გამოიტანოს დასკვნები, შეაფასოს.... ანუ აკეთოს! კეთებით სწავლება კი სწავლების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ფორმად მიიჩნევა, რადგან იგი აძლიერებს მოსწავლეთა სააზროვნო უნარ-ჩვევებს.
ამგვარი მეთოდით მუშაობა მოსწავლეთა  მრავალმხრივი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად,  ავითარებს შემოქმედებით და კვლევით უნარებს, და არა მხოლოდ მათ. ვინაიდან პროექტზე მუშაობა მასწავლებელთან, მოსწავლეებთან და საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან კომუნიკაციის აუცილებლობას მოითხოვს, იგი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობის უნარებსაც ავითარებს. რადგან პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მოიპოვებენ, იკვლევენ, ახარისხებენ და არჩევენ მათთვის საჭირო ინფორმაციას, იგი ინფორმაციის მოპოვების, წყაროებზე მუშაობის, ინფორმაციის გადარჩევის ანუ სორტირების უნარ- ჩვევასაც ავითარებს და ვინაიდან, უკვე შესრულებულ ნამუშევარს წარდგენა სჭირდება, მასზე მუშაობის დასკვნითი ეტაპი პრეზენტაციის, შედეგების წარმოჩენის უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.
ასე რომ,პროექტებით სწავლება ის მეთოდია, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციასა და სწავლის სურვილს გაუღვიძებს და ხალისით ჩართავს სასწავლო პროცესში და ამავდროულად მოსწავლეთა  იმ მნიშვნელოვანი უნარების კომპლექსურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რომელსაც თანამედროვე, ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქე უნდა ფლობდეს.

No comments:

Post a Comment